საზოგადოება
„მჯერა - ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!“ - კახა კალაძე

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“ - ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე  ხაზი გაესვა იმ ფართების დაკანონების საკითხს, რომლებშიც ოჯახები ათეულობით წელია ცხოვრობენ: „ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა მე მჯერა, ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
შეხვედრებს ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლით 35 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი არის დაკმაყოფილებული, მათმა ნახევარმა კი ბინები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო.