აქტუალური
თურქი არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საფლავი იპოვეს!

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საფლავი აღმოაჩინეს (დასავლეთში მას წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ, აგრეთვე იცნობენ, როგორც სანტა კლაუსს).  ხოლო წმინდა ნაწილები, რომლებიც იტალიაში, ქალაქ ბარიშია დაცული, სხვა მღვდელს ეკუთვნის.
იუწყებიან, რომ დაუზიანებელი აკლდამა ქალაქ დემრეში, წმინდა  ნიკოლოზის ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილში მდებარეობს. დემრე უძველესი ქალაქი მირონის ნანგრევებზეა აშენებული, სადაც წმინდანი მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ 343 წელს საფლავზე ბაზილიკა ააგეს, მეცხრე საუკუნის დასაწყისში კი - ეკლესია.
წმინდა  ნიკოლოზის ეკლესია დემრეს მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ქრისტიანთა მომლოცველობის პოპულარული ადგილია. არქეოლოგიური გათხრები იქ უკვე 20 წელია, მიმდინარეობს. მიწისქვეშა ტაძარმა ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია, მაგრამ იქ შეღწევა რთულია, რადგან შესასვლელი დაფარულია უძველესი მოზაიკით და მხოლოდ მისი საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი აკლდამის დათვალიერება.
ითვლება, რომ ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების უმეტესობა 1087 წელს იტალიელმა ვაჭრებმა იტალიაში, ქალაქ ბარიში გადაასვენეს. დარჩენილი ნაწილები მოგვიანებით ვენეციელებმა გაიტანეს და ამჟამად კუნძულ ლიდოზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის კათოლიკურ ტაძარში ინახება. 2017 წლის მაისში 930 წლის შემდეგ პირველად, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს, სადაც მათი მთხვევის მსურველთა უზარმაზარი რიგები დადგა.