საქართველომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ფრიდონ თოდუა
საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქინფორმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოსი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი ფრიდონ თოდუა.
წარმოშობით ზუგდიდელმა ფრიდონ თოდუამ თავისი მოღვაწეობა მოსკოვის ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში დაიწყო, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერი თანამშრომლიდან თავისივე შექმნილი, სსრკ-ში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელამდე. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სსრკ-ში რადიოლოგიის დამფუძნებელი ფრიდონ თოდუა საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი 34 მილიონი ევროს ინვესტირებით შექმნა დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰქონდა. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე თოდუას კლინიკაში ჩამოდიან პაციენტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
გამოჩენილმა მეცნიერმა, გამომგონებელმა, ექიმმა, და არანაკლებ გამოჩენილმა მენეჯერმა ფრიდონ თოდუამ 2016 წლის დეკემბერში შემოიტანა დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მოწინავე რადიოქირურგიული სისტემა „Edgе“, რომელიც ზუსტად აზიანებს სიმსივნეებსა და სხვა პათოლოგიებს ქირურგიული ჩარევის და საავადმყოფოში რეაბილიტაციის აუცილებლობის გარეშე, რის შემდეგაც თოდუას კლინიკა სამართლიანად გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში.
ფრიდონ თოდუა იყო მრავალი საერთაშორისო და ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი, მსოფლიო კონფერენციების მონაწილე, ასობით სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორი, იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მრავალი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი და წევრი, ხელმძღვანელობდა კათედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაჯილდოებული იყო მრავალი ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით, სამეცნიერო საზოგადოებების ჯილდოებით, იყო სსრკ და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ფრიდონ თოდუა იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
არნო ხიდირბეგიშვილი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი: “არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარ მეგობრებზე ნეკროლოგების წერა... საშინელი დიაგნოზის - კიბოს შესახებ ფრიდონმა მხოლოდ ამა წლის მარტში შეიტყო, მაგრამ უახლოესი მეგობრების გარდა, ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. ჩვენც ვცდილობდით, ეს ამბავი არ გაგვეთქვა... ამის მიხვედრა კი შეუძლებელი იყო - როგორც ყოველთვის, კოპწიად გამოწყობილი თოდუა ბოლო დღეებამდე პუნქტუალურად, ერთ-ერთი პირველი მიდიოდა სამსახურში და 9 საათზე უკვე კონფერენციას ატარებდა. როგორც ნამდვილი მამაკაცი, ის არ მოეჭიდა სიცოცხლეს, რათა მარადისობაშიც ისეთივე წასულიყო, როგორიც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრდა - ლამაზი და ენერგიული!
ძნელი გადმოსაცემია ის სტრესი და მწუხარება, რასაც დღეს ყველა განვიცდით, ადამიანის - მეგობრის დაკარგვა, რომელსაც ბოლოს სუფრასთან შევხვდი, სადაც თამადა რეზო ამაშუკელი იყო... მხოლოდ მოგვიანებით გაიგებს ყველა - ვინ დაკარგა საქართველომ მისი სახით! ეს გახლდათ ღვთის კაცი, რომელიც ერთნაირად უნაწილებდა ყურადღებას თავის ყველა პაციენტს - მდიდარს და უპოვარს, დეპუტატს და პატიმარს, პრეზიდენტს და პატრიარქს! ის მსოფლიოს ადამიანი გახლდათ, რომელიც უშეცდომოდ გამონახავდა ხოლმე საერთო ენას ყველასთან, გამონაკლისის გარეშე, და ამისთვის ყველას უყვარდა და პატივს სცემდა! საქართველოს ყველა ხელმძღვანელს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა მასთან, თუმცა ერთმანეთის მიმართ საშინელ სიძულვილს განიცდიდნენ...
„საქინფორმის“ მთელი კოლექტივის სახელით და პირადად გულწრფელად თანავუგრძნობ მის შესანიშნავ ოჯახს, ყველა მეგობარსა და ახლობელს, მის ერთგულ ყველა კოლეგას და მადლიერ პაციენტებს. ღმერთმა ქნას, რომ ფრიდონის საყვარელმა შვილიშვილებმა ღირსეულად განაგრძონ მისი დიდი საქმე - უმკურნალონ ადამიანებს, ბაბუამ ხომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი მის კვალს გაჰყოლოდნენ...“
პანაშვიდები: სამშაბათს და ოთხშაბათს, 10 და 11 ოქტომბერს. მისამართი: დიღომი, გოდერძი ჩოხელის მე-3 შესახვევი, №4.
გამოსვენება: წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს.