აქტუალური
მოსწავლეები სკოლებში ვაშლებს ჭუჭყიანი ხელებით შეექცევიან! - „საქინფორმი“ ჯანდაცვის მინისტრს „ვაშლის რეფორმის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

      საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს ტელევიზიით გადაიცა პირველი სიუჟეტი საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივის - საქართველოს სკოლებში დასვენებებზე მოსწავლეებისათვის ვაშლის დარიგების - შესახებ. იმ ნაწილის მიმართ, სადაც ნაჩვენებია, როგორ ამზადებენ ვაშლებს სკოლებში გასაგზავნად, პრეტენზია არ გვაქვს - კონტრაქტორის თანამშრომელი ხანდაზმული ქალბატონები გულმოდგინედ რეცხავენ თითოეულ ვაშლს, საგანგებო ქაღალდში ახვევენ და მუყაოს ყუთებში ალაგებენ სკოლებში გასაგზავნად, სადაც ისინი ლამაზად დაწნულ კალათებში, მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, დერეფნებში მოსწავლეებს ელოდებიან.
აღმაშფოთებელი სხვა რამეა - დასვენებაზე გამოსული მოსწავლეები იღებენ შეხვეულ ვაშლებს, ქაღალდს აცლიან და ხელდაუბანელი იწყებენ ჭამას! ზედმეტია იმის ახსნა, რომ არც რჩეულ სკოლებში (სკოლების შერჩევის კრიტერიუმები ცალკე შეკითხვებს ბადებს), და არც დანარჩენებში არ არის ისეთი სანიტარიული პირობები, რომ დასვენებაზე ყველა მოსწავლემ მოასწროს ხელების დაბანა - ონკანების, საპნის, ქაღალდის ერთჯერადი პირსახოცების რაოდენობა ამისთვის გათვალისწინებული არ არის!
„საქინფორმი“, მოსწავლეებს შორის ნაწლავური ინფექციების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მოთხოვნით - სასწრაფოდ გააუქმოს მინისტრ ჯეჯელავას გაუაზრებელი ინოვაცია!