უცხოეთი
ალიევი სარგსიანთან შეხვედრას არ გამორიცხავს

      საქართველო, 6 ოქტომბერი. საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომეხ კოლეგასთან შეხვედრას არ გამორიცხავს. როგორც ილჰამ ალიევი ამბობს, ამ საკითხზე ის ამ კვირაში მთიანი ყარაბაღის საკითხზე მომუშავე „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ისაუბრებს. აზერბაიჯანის ლიდერმა ეს განცხადება ბაქოში ევროკავშირის საბჭოს დელეგაცის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სომხეთი უბრუნდება მოლაპარაკებების პროცესს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სეპარატიზმზე და იმ საფრთხეებზე, რომელსაც ის მსოფლიოს უქმნის.
„ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ყველა ხედავს, რა ხდება ესპანეთსა და ერაყში. როგორც იქნა, საერთაშორისო თანამეგობრობა სეპარატიზმის პრობლემას სათანადო ყურადღებას აქცევს“, - განაცხადა ალიევმა.
ამ კონტექსტში ალიევმა მთიანი ყარაბაღიც ახსენა. მისი თქმით, „აზერბაიჯანელები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღში, ხოლო სომხებმა მათთან ერთად უნდა იცხოვრონ“.
ამასთან, ალიევმა მოუწოდა ევროკომისიას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტებს მიმართ ერთნაირი მიდგომა შეინარჩუნოს. „ჩვენ ველოდებით, რომ ევროკომისიას ექნება ერთიანი მიდგომა პოსტსაბჭთა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას აღვიქვამთ ორმაგ სტანდარტებად“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ პროექტებზე და განაცხადა, რომ ბაქო ევროპისთვის ენერგორესურსების ერთადერთ ახალ წყაროდ რჩება.
„ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს. სამი მათგანი ნავთობს ატარებს, ორი შავი ზღვისკენ, ხოლო ერთი ხმელთაშუა ზღვისკენ მიდის. გაზსადენები არის ოთხი. მათი საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი“, - განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, წლის დასაწყისში ბაქოში გაიმართება ე.წ. სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრება.
„სამხრეთის დერეფნის“ პროექტი 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

1tv.ge