უცხოეთი
“თუ ევროსაბჭოს დავტოვებთ, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება!” - აზერბაიჯანის პრეზიდენტი

      საქართველო, 6 ოქტომბერი. საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭო მკაცრად გააკრიტიკა. მან ორგანიზაციის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობოთ საზოგადოების განწყობას და ყველა მთავრობა პირველ რიგში ასე უნდა იქცეოდეს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი აზრი ევროსაბჭოსთან დაკავშირებით არც ისე პოზიტიურია",-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
"პირველ რიგში, როდესაც ჩვენ შევუერთდით ამ ორგანიზაციას, მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ეს დაგვეხმარებოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაში. თუმცა ევროსაბჭომ ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწია.
მეორეს მხრივ, ჩვენი გაწევრიანების პირველ ეტაპზე, მე ვიყავი პირველი ხელმძღვანელი ჩვენი დელეგაციის. ამავე დროს, ვიყავი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი და ვხელმძღვანელობდი აზერბაიჯანის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ასე რომ, ვიცი, რა შეუძლია ამ ორგანიზაციას და როგორ არის ის დაკავშირებული აზერბაიჯანთან. დამოკიდებულება იყო უკიდურესად ნეგატიური. ჩვენ ამ ორგანიზაციას შევუერთდით ზუსტად იმ დღეს, როდესაც გაწევრიანდა სომხეთი და ვითარება განსხვავებულია. ჩვენთან შედარებით, სომხეთის მიმართ არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება.
სომხეთის მიმართ, სადაც არჩევნები გამუდმებით ყალბდება; პოლიტიკოსებს კლავენ პარლამენტში; სადაც ტერორიზმი ოფიციალურ პოლიტიკურ დონეზეა დადასტურებული; რომელსაც სხვა ქვეყნის ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ყოველთვის მზრუნველობას იჩენდა ლობისტური ჯგუფი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა აზერბაიჯანი გამუდმებით დარტყმის ობიექტი იყო",-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

mediamall.ge