საზოგადოება
2017 წლის 3 ოქტომბერს სახალხო დამცველმა დევნილთა მინისტრს თურქეთის მოქალაქე ს.ს-სთვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ნათქვამი უარის ბათილად ცნობის თხოვნით მიმართა

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სახალხო დამცველის აპარატი ვებგვერდზე წერს, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ს.ს. მოაზრებულია ფეთჰულა გიულენის მოძრაობის წევრად, რომელსაც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად და 2016 წლის ზაფხულში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევენ. ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქე ს.ს-ს წინააღდეგ საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და თურქეთის მოთხოვნით ის საექსტრადიციო პატიმრობაშიც იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. "ამასთან, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული; სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილად ცნობის საკითხი", - წერს ომბუდსმენი.