აქტუალური
მამა გიორგი ზვიადაძე ადასტურებს, რომ წელიწად-ნახევრის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის ქორეპისკოპოსს ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერის და საპატრიარქოს ქონების განკარგვის უფლება ჩამოართვა!

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. თეთრი სამღვდელოების უმაღლესი იერარქი "კურიერთან" პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობისთვის ილია მეორის მიერ ჩამორთმეული უფლებამოსილების შესახებ ალაპარაკდა. ეს უფლებები ილია მეორემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ახლა უკვე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადასცა. პროტოპრესვიტერი​ არ მალავს, რომ ილია მეორის ამ გადაწყვეტილებამ მაშინ ქორეპისკოპოსი იაკობი გაანაწყენა. მამა გიორგი ზვიადაძე გამორიცხავს, რომ დაპირისპირება იაკობსა და უკვე მსჯავრდებულ დეკანოზს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების გამო მოხდა.
პროტოპრესვიტერი ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, მალევე საპატრიარქოს ქონების განკარგვა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება პატრიარქმა ისევ ქორეპისკოპოს იაკობს დაუბრუნა. მამა გიორგი ზვიადაძე საპატრიარქოში უწმინდესის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენებზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში გავლენით სარგებლობს, თუმცა მისი გავლენა კანონის ფარგლებს არ სცდება.
თეთრი სამღვდელოების უმაღლესი იერარქი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ჯგუფი ეკლესიის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობს. მამა გიორგი ზვიადაძის მტკიცებით, დღეს საპატრიარქოში სიტუაციას სრულად ილია მეორე აკონტროლებს.