საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცემა.
"ეს ადამიანი, პრაქტიკულად, არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება... ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
„როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა და არავის არ უნდა მოერიდოს, ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე, მე მგონი, ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, მე მგონი, ეს არასწორია. მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი და ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას, და ეს ადამიანიც, ბიძინა ივანიშვილი, არ იმსახურებს იმას, რასაც ღებულობს“, - აცხადებს კვირიკაშვილი.