აქტუალური
საქართველოში წლიური ინფლაცია 6,2 პროცენტამდე გაიზარდა - საქსტატი

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 6,2 პროცენტამდე გაიზარდა. სექტემბერში ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა, მათ შორის ხილსა და ყურძენზე - 5,5 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი 4 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 4 პროცენტით. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები სექტემბერში 1,9 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ცნობით, წლიურად ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (38,6 პროცენტით), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (17,3 პროცენტით), სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,7 პროცენტით) და სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე (19,8 პროცენტით).