პოლიტიკა
“სომეხი სეპარატისტები საქართველოში პროვოკაციებს აწყობენ!” - არნო ხიდირბეგიშვილი, ქართველი პოლიტოლოგი, “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი, საგანგებოდ Eurasia Diary-სათვის

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. Eurasia Diary: „შეტაკება პოლიციასა და საქართველოს სამცხე ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოს სომეხი ეროვნების მოსახლეობას შორის, ეჭვგარეშეა, ერევნელი სეპარატისტების პროვოკაცია იყო.
გამორიცხული არ არის, რომ ისინი მოქმედებენ სააკაშვილის ყოფილ მმართველ პარტიასთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტში, რომელსაც რევანშის, სააკაშვილის დაბრუნების და სამიოდე კვირის შემდეგ, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სომხებით დასახლებულ რაიონში გამარჯვების იმედი აქვს.
სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ღრმა ფესვები ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში, სააკაშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის (რომელიც წარმოშობით ამ ადგილებიდან, ადიგენის რაიონის სოფელ უდედან იყო) მიერ დანიშნული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები დღემდე თანამდებობებზე არიან და იმის იმედიც კი აქვთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებენ - მომავალი არჩევნების შედეგად მერები გახდებიან. ამით სარგებლობენ სეპარატისტები სომხეთიდან.
ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს საქართველოს წინააღმდეგ სეპარატისტული გამოხტომებით ცნობილი პოლიტოლოგის, ერევანში მოქმედი საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის სერგეი მინასიანის საქართველოში სომხეთის ელჩად დანიშვნაზე აგრემანის გაცემაზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ ამა წლის ივლისში უნდა მომხდარიყო. ელჩის დანიშვნის საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არა ბაბლოიანის ხელმძღვანელობით სომხური დელეგაციის თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროსაც კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან მის შეხვედრაზე.
ჯანელიძის გარდა, არა ბაბლოიანმა შეხვედრები გამართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძესთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მაგრამ ვერც დღის წესრიგში ხანგრძლივად მდგარი დანარჩენი სამი საკითხი გადაიჭრა, ეს არის: „სადავო ეკლესიების“ დაბრუნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის; საქართველოს სომხური სკოლების უზრუნველყოფა სომხური სახელმძღვანელოებით ერევნიდან; ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხებისთვის, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს რუსეთის ფედერაციაში საშოვარზე შეუფერხებლად გამგზავრების მიზნით სომხეთის მოქალაქეობის მიღების გამო.
გარდა ამისა, ოფიციალური ერევანი მეტად გაღიზიანებულია სამიტებით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „აზერბაიჯანელი ხალხის სურვილი, დაიბრუნონ ყარაბაღი - თურქი ხალხისათვის კანონია“.
ამიტომ,  მაშინვე ამ მოვლენების შემდეგ, რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ერევნიდან უფრო იმართება, ვიდრე თბილისიდან, მიიღეს ინსტრუქცია ძალის დემონსტრაციის მიზნით გამაფრთხილებელი დაუმორჩილებლობის აქციის ჩატარების შესახებ.
მე-10 საუკუნის ტაძარი ადგილობრივ მაცხოვრებლებს „უცებ“ გაახსენდათ და სანთლების დანთება და ჰაჩკარის დადგმა გადაწყვიტეს, იმიტომ რომ გასულ, 2016 წელს დაწყებული რესტავრაციის დროს ეკლესიის ეზოში ადამიანების ნეშტები იქნა ნაპოვნი და იქვე დამარხული - ეს ლეგენდა მეტად არადამაჯერებლად ჟღერს. მით უფრო, რომ, როგორც რესტავრატორები მოწმობენ, რესტავრაციის დაწყებიდან უკვე მთელი წელიწადია, ადგილობრივი სომხები არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებდნენ - უფრო მეტიც, კეთილგანწყობას გამოხატავდნენ.
არ შეიძლებოდა, ასე მკვეთრად წამოეყო თავი ამ ეკლესიის კუთვნილების საკითხს, რომელიც სომხეთში სომხურად მიაჩნიათ და სხვადასხვა რეესტრშია შეტანილი, ხოლო საქართველოში - ქართულად, იმიტომ რომ მის კედლებზე ძველქართული წარწერები და ქართველი მეფეების ბარელიეფებია განთავსებული.
სადავო საკითხია - ვის ეკუთვნის ეკლესიის ეზოში ნაპოვნი ნეშტები: სომხებს მიაჩნიათ, რომ მათ წინაპრებს, მათ შორის - შუა საუკუნეებში ამ ეკლესიის პირველ ღვთისმსახურებს, ქართველი ისტორიკოსები კი ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს გასაბჭოების დროინდელი - ანუ გასული საუკუნის 20-იანი წლების მსხვერპლთა ნეშტებია, ვინაიდან თავის ქალების გვერდით რევოლვერის და „მაუზერის“ ჰილზები აღმოაჩინეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტაძრის რესტავრაცია ყველასთვის ტარდებოდა, მას სახელმწიფო აკეთებდა, ისევე, როგორც ასობით სხვა ტაძრის საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც რესტავრირებული და ხელახლა აშენებულია, მათ შორის - მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ფულით. ადგილობრივ მცხოვრებთ არც შეეძლოთ და არც უფლება ჰქონდათ, ხელახლა აეშენებინათ მთლიანად დანგრეული გუმბათი, რასაც დღეს უმაღლესი კლასის მშენებლები და არქიტექტორები აკეთებენ.
მაგრამ მიზანი სხვა გახლდათ - სომხებსა და ქართველებს შორის ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ისევე, როგორც ორი წლის წინ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცადნენ, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლი გაეღვივებინათ.
ყოველივე ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნულ უმცირესობებს არავინ წარმოადგენს, ორიოდე კორუმპირებული, გაუნათლებელი მაფიოზი აზერბაიჯანელისა და სომხის გარდა, რომლებიც „ჩაწყობით“ და დიდი ფულის სანაცვლოდ შეიყვანეს სიაში და სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ავტორიტეტით არ სარგებლობენ!
ისინი მოწყვეტილი არიან ქართველ საზოგადოებას, არ არიან ინტეგრირებული, სეგრეგაცია ყოველდღიურად გრძელდება, და ასევე ყოველდღიურად ხდება მათი ასიმილაცია ისტორიულ სამშობლოებთან, რომლებიც ამ რეგიონებს ესაზღვრება.
ვიღაცას ძალიან უნდა, რომ საქართველოში გაჩნდეს ახალი ავტონომია „ჯავახქი“, რის კვალდაკვალ აზერბაიჯანელებს ლოგიკურად შეუძლიათ, მოითხოვონ „ბორჩალოს“ ავტონომიის შექმნა! ეს საქართველოს საბოლოოდ დაშლას და დაღუპვას ნიშნავს, მისი მოსახლეობის მესამედს ხომ სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ.
დაბოლოს: მსგავსი ინციდენტების პერმანენტულად მაპროვოცირებელი გამოცდილი მოღვაწეები მეზობელი რესპუბლიკიდან - საზოგადოებრივი მოღვაწეები, სხვადასხვა ინსტიტუტის დირექტორები და არასამთავრობოები - უცხოეთის მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობენ, მიზნობრივ გრანტებს იღებენ სწორედ ასეთი „სახალხო მღელვარებების“ პროვოცირებისათვის როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. სხვათა შორის, სწორედ ამას საქმიანობდა საქართველოს ტერიტორიიდან აფგან მუხთარლი, ამასვე აკეთებენ სომხეთის ტერიტორიიდან მისი მსგავსი დივერსანტები. მადლობა ღმერთს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მტკიცე ხელით „სახალხო ბუნტების“ მოწყობის მსგავსი მცდელობები აზერბაიჯანში ძირშივე ისპობა.“
2017 წლის 3 ოქტომბერი
თბილისი-ბაქო