აქტუალური
სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 12.006.81 მილიონ ლარს, რაც მთლიანი სახელმწიფო ვალის 78%-ია

      საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია მოცემული, აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საკონტრაქტო შეწონილი ვადიანობა შეადგენს 21.4 წელს, საშუალო შეწონილი დარჩენილი ვადიანობა შეადგენს დაახლოებით 8.8 წელს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.04%-ს.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისებას 1,288,000.0 ათასი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიღებას 350,000.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკიდან (KfW) 146,000.0 ათასი ლარი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) 146,000.0 ათასი ლარი და ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების პროგრამიდან 58,000.0 ათასი ლარი.
ასევე, სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 1,015,000 ათასი ლარი, საიდანაც 725,000 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 290,000 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.