საქართველო, 3 ოქტომბერი. საქინფორმი. ლას-ვეგასი: ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალეზე ცეცხლი ნევადის შტატის მცხოვრებმა, 64 წლის სტივენ პედოკმა გახსნა. ამის შესახებ შტატის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა.
შერიფის თქმით, მამაკაცის სასტუმროს ნომერში დიდი რაოდენობით იარაღია აღმოჩენილი. პოლიცია ამ დროისთვის მის ბიოგრაფიას სწავლობს.
ლას-ვეგასის ცენტრში, უმსხვილესი კაზინოს Mandalay Bay-თან სროლა 22:00 საათზე მუსიკალური ფესტივალის დროს დაიწყო. კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი სასტუმროს 32-ე სართულიდან გახსნა და 130-ზე მეტი გასროლა განახორციელა. თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. ის სამართალდამცველებმა მოკლეს.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ქალის დაკითხვა, რომელიც სავარაუდოდ, სროლის დროს თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200 ადამიანი. ათობით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
frontnews.eu