აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. "ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია - მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ სამუშაო ლანჩზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის სამაგალითო კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ილაპარაკა და ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას ბაქოში დაგეგმილი Caspian Energy Forum-იც შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.