აქტუალური
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა "ჰუალინგ ჯგუფს", ასევე - ჯგუფის დამფუძნებელ მი ენჰუას. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმა.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და "ჰუალინგ ჯგუფის" პირველი მდივანი და გენერალური დირექტორი გუო სიან იანგი დაესწრნენ.