საქართველო, 2 ოქტომბერი. საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ხელისუფლების შეცვლის გეგმებზე განაცხადა, იუწყება РИА Новости სააგენტო УНИАН-ზე დაყრდნობით.
შაბათს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია გაიმართა, რომელიც ჩხუბით დაიწყო. მიტინგი 16:00 საათზე დაიწყო, თავად ექს-გუბერნატორი ადგილზე ჯერ არ იმყოფებოდა. აქციაში მონაწილეობას მისი რამდენიმე ასეული მომხრე იღებდა. მიტინგის ჩატარების ადგილის მახლობლად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ მიერ ჩართულმა ხმამაღალმა მუსიკამ აქციის მონაწილეების გამოსვლას ხელი შეუშალა. ყოფილი გუბერნატორის მომხრეებმა მუსიკის გამორთვა ძალით სცადეს, მოხდა შეხლა-შემოხლა, რის შემდეგ მოვლენებში პოლოცია ჩაერია და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა (ვიდეოს იხ. აქ).
შემდეგ მიტინგზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. სააკაშვილმა ოდესელების წინაშე ბოდიში მოიხადა, რადგან მათთვის დაპირებული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო. პოლიტიკოსის მტკიცებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოდესის შეცვლაში მას „ხელი შეუშალა". „გამუდმევით ხელს მიშლიდნენ. პირველ რიგში კიევიდან, მაგრამ ასევე ადგილებზეც", — აღნიშნა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ ამიტომაც აპირებს ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების ძირეული შეცვლისთვის, შემდეგ კი ოდესაში დაბრუნებას და მის შეცვლას გეგმავს. „ამ ქალაქში ყველაფერი მომწონს, გარდა ბანდიტების ხროვისა, რომლებმაც აქ ყველაფერი გაანადგურეს. ჩვენ მათ აუცილებლად "გავწევთ", — განაცხადა სააკაშვილმა.
ასევე მან მოუწოდა მომხრეებს კიევში 17 ოქტომბერს შეიკრიბონ და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროსენკოს იმპიჩმენტი და გადაუდებელი რეფორმების გატარება მოითხოვონ. დასასრულს მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.