სომხეთს დიდი ხანია, საქართველოში ელჩი არ ჰყავს! - დიპლომატიური სკანდალი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ (საქინფორმი)
რედაქტორისგან
სომხეთს დიდი ხანია, საქართველოში ელჩი არ ჰყავს! - დიპლომატიური სკანდალი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ (საქინფორმი)

      ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ არაერთხელ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება საქართველოში სომხეთის საელჩოში შექმნილ ვითარებას. დადასტურებით ვერ ვიტყვით, რისთვის გაათავისუფლეს გიორგი ხოსროევი 2005 წლის 1 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ბრძანებით საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან. იქნებ იმიტომ, რომ ის “ზედმეტად ინტეგრირებული” იყო ქართველ საზოგადოებაში, ღრმად იცნობდა საქართველოს, მის ისტორიას და პრობლემებს, და ამასთან, როგორც ჭეშმარიტ დიპლომატს, პოლიტკორექტული ურთიერთობა ჰქონდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან (ფოტოზე - მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი გიორგი ხოსროევი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი რამიზ გასანოვი და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი რიტა ხიდირბეგიშვილი - 2004 წელი, Tbilisi Marriott Hotel). მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ორი დიპლომატი უზადოდ ხელმძღვანელობდა სომხურ და აზერბაიჯანულ დიპლომატიურ მისიებს საქართველოში ყველაზე მძიმე წლებში - „ვარდების რევოლუციად“ ცნობილი „ფერადი“ გადატრიალების გზით ხელისუფლების შეცვლის დროს.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სომხეთის ყველა შემდგომი ელჩი საქართველოში არსებული ატმოსფეროს გაგებისგან შორს იდგა - გრაჩია სილვანიანი, ოვანეს მანუკიანი და იური ვარდანიანი, ხოსროევისაგან განსხვავებით, თბილისში უცხო სტუმრები იყვნენ, რომლებსაც არავინ იცნობდა. მხოლოდ მანუკიანმა დაგვამახსოვრა თავი მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ქალაქ შუშის აღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომითა და კონცერტით, რომელიც 2012 წლის 9 მაისს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა (წაიკითხეთ „საქინფორმი აღშფოთებულია სომხეთის საელჩოს ქმედებებით საქართველოში“).
რაც შეეხება ვარდანიანს, მანუკიანისგან განსხვავებით, სახელოვან შტანგისტს ფიზიკური ფორმის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მისი მოღვაწეობა დიპლომატიური შინაარსით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. რატომ ვლაპარაკობთ ვარდანიანზე წარსულ დროში? იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა, თუმცა ის თანამდებობის და, შესაბამისად, საქართველოს დატოვებაზე უარს აცხადებს!
ჯერ კიდევ ამა წლის 13 ივნისს საქინფორმი აფრთხილებდა - საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩად, შესაძლოა, სერგეი მინასიანი დაინიშნოს, რასაც თბილისში „ოფიციალური ერევანის პროვოკაციულ ნაბიჯად“ ფასდება ბაქოს აზრით კი, მინასიანის დანიშვნით „ერევანი სამცხე-ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის გააქტიურებას ცდილობს, ვინაიდან 2005 წელს სერგეი მინასიანი იმ ჯავახ სეპარატისტებს შორის იყო, რომლებიც ჯავახეთის საკითხის გადასაჭრელად რუსეთის სამხედრო ჩარევას მოითხოვდნენ“. აზერბაიჯანული მედია მინასიანის ამოცანად ასახელებდა „სომხეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო ბლოკადის გარღვევას, კერძოდ - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანზიტო გზის გახსნას“.
და აი, გასულ პარასკევს EADaily-ს პუბლიკაცია „სომხეთი-საქართველო: ელჩის აგრემანის შეფერხება და მითი გადაუჭრელი პრობლემების შესახებ“ («Армения-Грузия: задержка агремана посла и миф о нерешаемых проблемах») იუწყებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს პოლიტოლოგის, ერევანში მოქმედი საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის სერგეი მინასიანის საქართველოში სომხეთის ელჩად დანიშვნაზე აგრემანის გაცემაზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ ამა წლის ივლისში უნდა მომხდარიყო! ელჩის დანიშვნის საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არა ბაბლოიანის ხელმძღვანელობით სომხური დელეგაციის თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროსაც კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან მის შეხვედრაზე.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ჯანელიძის გარდა, არა ბაბლოიანმა შეხვედრები გამართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძესთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მაგრამ ვერც დღის წესრიგში ხანგრძლივად მდგარი დანარჩენი სამი საკითხი გადაიჭრა, ეს არის: „სადავო ეკლესიების“ დაბრუნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის; საქართველოს სომხური სკოლების უზრუნველყოფა სომხური სახელმძღვანელოებით ერევნიდან; ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხებისთვის, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს რუსეთის ფედერაციაში საშოვარზე შეუფერხებლად გამგზავრების მიზნით სომხეთის მოქალაქეობის მიღების გამო.
EADaily იუწყება, აგრეთვე, რომ შტანგისტის შემდეგ სომხეთის ელჩის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებს ბიზნესვუმენიც - ეროვნული კრების ექსსპიკერი, დეპუტატი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ერმინე ნაგდალიანი, „რაც საქართველოში მისი ბიზნესინტერესებით არის ნაკარნახევი“.
ხოლო სანამ სომხეთს საქართველოში, პრაქტიკულად, არავინ წარმოადგენს, დესტრუქციულმა ძალებმა გასულ შაბათს, 30 სექტემბერს, ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივ სომხებს - სოფელ კუმურდოს მაცხოვრებლებს შორის ფიზიკური შეტაკების პროვოცირება მოახდინეს „სადავო ეკლესიების“ პრობლემის გადაუჭრელობის ნიადაგზე. საქმე ქვების სროლამდე მივიდა, რის შედეგადაც ოთხმა პოლიციელმა ტრავმები მიიღო, დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, რის შესახებ „საქინფორმი“ იუწყება. კონფლიქტის ჩაქრობა მხოლოდ ადგილზე სასწრაფოდ ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შეძლო. სამი მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიმდინარეობისას გაირკვევა - ჰქონდა თუ არა ადგილი ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციას პოლიტიკური მიზნებით წინასაარჩევნო პერიოდში.
***
„საქინფორმი“ არ გამორიცხავს მსგავსი ინციდენტების განმეორებას სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აგრეთვე - ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სადაც პოლიციასთან შეტაკება არაერთხელ მომხდარა. იმიტომ რომ არაქართველ მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. არავინ იცის ეროვნული უმცირესობების განზრახვები, მათი არაფორმალური ლიდერების განწყობა, არავინ წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არაქართული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეთა პრობლემებს შეისწავლის და შეძლებისდაგვარად აგვარებს, თანაც - მხოლოდ დედაქალაქში, გახლავთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სომხეთის საელჩო იგნორირებას უკეთებს...


საქინფორმის 
რედაქცია
2017 წლის 2 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი