აქტუალური
„კვირიკაშვილის და მერკელის შეხვედრაზე იყოს საუბარი პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთთან აქვს“ - თედო ჯაფარიძე

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2017 წლის 27 სექტემბერს ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა შედგა.  შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.
"ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობ ღრმავდება. იყო საუბარი ევროპისკენ საქართველოს სვლაზე, ევროკავშირთან ურთიერთობზე, რუსეთსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთთან აქვს. დაწვრილებით მოვუყევით, თუ რა ხდება ყოველდღიურად ოკუპაციის კუთხით - მავთულხლართები, გაყოფილი სოფლები", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ იმ დადებით მომენტებთან ერთად, რასაც საქართველო ახორციელებს და რასაც ქვეყნის მოდერნიზება ჰქვია, აუცილებელია, ოკუპაციის პრობლემების გადაჭრაზეც ერთად ვიფიქროთ. 
"ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქალბატონი მერკელი და მთელი მისი გუნდი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, იყო უაღრესად კარგად მომზადებული. მათ იცოდნენ დეტალურად საქართველოში და საქართველოს ირგვლივ არსებული პროცესები. განვიხილეთ ეკონომიკური პროექტები, აბრეშუმის გზა. საუბარი შეეხო ჩინეთის, უზბეკეთისა და გერმანიის დაინტერესებას, რომ საქართველოს მეშვეობით ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.