აქტუალური
„ETERNITY-2017“ - საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში რიგით მესამე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა დაიწყო

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. 2017 წლის 25 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY-2017 დაიწყო. ეს რიგით მესამე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნებია საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში: „Noble Partner“ 2017 წლის 1-11 აგვისტოს ჩატარდა, ხოლო „Agile Spirit“ – 3-11 სექტემბერს.
ამჯერად სწავლება კომპიუტერულია, მასში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. „წვრთნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, და მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის გაუმჯობესება. სწავლების სცენარი  ემყარება სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY-2017 საქართველოსა და თურქეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით ტარდება და 29 სექტემბერს დამთავრდება.
ETERNITY-ს პირველი წვრთნა 2014 წელს ჩატარდა, მასში მონაწილეობდა 12 სამხედრო მოსამსახურე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და 24 სამხედრო მოსამსახურე საქართველოდან. წვრთნებს ესწრებოდნენ, აგრეთვე, იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც მილსადენის დაცვის ორგანიზაციას ახდენენ და თურქეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ის თანამშრომლები.