სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ფულის აღებაში ამხელენ

Gorozia-zazaaზუგდიდელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის წინ თაღლითობის მუხლით დააკავეს თხილის მწარმოებელი იტალიური ფირმა ,,ფერეროს” მიერ სამეგრელოს რეგიონში დაფუძნებული ,,აგრო-ჯორჯიას” რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შესყიდვების მენეჯერი ნიკოლოზ დალაქიშვილი, თემურ ჩიქოვანი, ირაკლი გოგოხია და კობა აბრალავა. მათ ბრალად ედებოდათ ,,აგრო-ჯორჯიადან” 240 000 ლარის ღირებულების 150 ტონა დიზელის საწვავის გატაცება. ერთ-ერთი დაკავებული, თემურ ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის – ზაზა გოროზიას ახლო მეგობარი აღმოჩნდა, ამიტომაც იყო, რომ მან დაკავებისას ერთადერთი სატელეფონო ზარის გაშვების უფლება ითხოვა და დაურეკა ზაზა გოროზიას დახმარებისთვის, მაგრამ მას გუბერნატორმა ვერაფრით უშველა. დაკავებულები, რომელთაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ, გირაოთი გამოუშვეს. საპყრობილეში დარჩნენ მხოლოდ ნიკოლოზ დალაქიშვილი და კობა აბრალავა. ზარალი – 240 000 ლარი ანაზღაურებული იქნა.

გავრცელებული ვერსიით, ზარალი თემურ ჩიქოვანის ძმამ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ბესო ჩიქოვანმა გადაიხადა. მასვე დააკისრეს ანაკლიაში ერთი სასტუმროს მშენებლობაც.

პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ დალაქიშვილმა, რომელიც რატომღაც არ დაექვემდებარა გირაოს სახით გათავისუფლებას, სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ისინი მოქმედებდნენ   ზაზა გოროზიას დავალებით. მან მიუთითა ადგილები, სადაც 6-ჯერ გადასცა ფული ზაზა გოროზიას. ამ ეტაპზე, ძნელია, ითქვას, შეეფერება თუ არა სიმართლეს 27 წლის დალაქიშვილის განცხადება. რატომ მალავდა ის ყოველივე ამას? რამ განაპირობა მისი ასეთი განცხადების გაკეთება მოგვიანებით? წესით და რიგით ყოველივე გამოძიებამ და სასამართლომ უნდა გაარკვიოს და დაადგინოს.

ნიკოლოზ დალაქიშვილის ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. სასამართლო პროცესი გრძელდება და ის 2 თებერვალს განახლდება.