უცხოეთი
ვაშინგტონი ერაყიდან ქურთისტანის გამოყოფას არ ემხრობა

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ოფიციალური ვაშინგტონი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმს. თეთრი სახლის ცნობით, აშშ "ერთიანი ერაყის მომხრეა". ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან ერაყს, რათა "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ერთად შევძლოთ", - თქვა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში ერაყიდან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.
რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. რეფერენდუმს, უპირველეს ყოვლისა ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება და ხმის მიცემას არაკანონიერად მიიჩნევს.
ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც.
ერაყის ქურთისტანის ლიდერს მასუდ ბარზანს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც.
ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის გამო სამხედრო მოქმედებების მომხრეა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. რეფერენდუმამდე 1 დღით ადრე კი თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალურმა თეირანმა კი ერაყის თხოვნით, ერაყის ქურთისტანთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდება. მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთით და წარმოადგენს ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს. ადგილობრივ ხელისუფლების სათავეში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიაა, რომლის პრეზიდენტი მასუდ ბარზანია.

 

imedinews.ge