საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ფარულ ალიანსში დაადანაშაულა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „შენების მოძრაობა“ ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური ძალაა. უსუფაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო გარიგების შესახებ ეჭვები ხათუნა სამნიძეს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ უსუფაშვილმა "ოცნებისა" და რესპუბლიკელების ღია კონფლიქტის მიუხედავად პოსტი არ დატოვა.
“საპატრიარქო არის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი. სამწუხაროდ, არსებობს მეორე და მესამე ფაქტორიც. ესაა ღიად პრორუსული თუ დაფარული პოლიტიკური ძალები და პუტინის საყრდენები საქართველოში, სხვადასხვა "ქართული მარში" იქნება თუ ა.შ. და არის მესამე ფაქტორი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძალიან სახიფათოა. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ძალა "ოცნების" გარეთ და მან საყრდენები გაიჩინა ქვეყნის შიგნით, ფსევდოოპოზიციური პარტიები, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიიდან წასული რესპუბლიკელები. ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებით ამას. უსუფაშვილის პარტია არის ასეთი ფსევდოოპოზიცია, სატელიტი პარტია, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, ოცნების გარეთ გაიჩინოს საყრდენი. ესეც არის პოსტსაბჭოთა მმართველობა”, - აცხადებს სამნიძე.