საზოგადოება
კახა კალაძე 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარებას გეგმავს

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 22 სოციალური პროგრამა სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი.
„გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ, ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.
„ამ მიმართულებით ვაპირებთ ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“, - აღნიშნა კალაძემ.