რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (2017 წლის 24 სექტემბერი)

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი.
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!
,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“.
ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორმწუნე, ასეთი რელიგიური.
ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს. და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ სანაცვლოდ უფალიც გვაძლევს ძალას და მადლს. აი დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა და ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი მისი უდიდებულესობა ქეთევანი, ქეთევან დედოფალი.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და ვინც იპოვა ეს წმინდა ნაწილები ქეთევანისა. ესენი არიან ჩვენი სამღვდელოება; განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მან გასწია და ნიშნად ჩვენი დიდი მადლიერებისა სახსოვრად გადავცემ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც იქნება მისი მფარველი.
ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ინდოეთის ელჩს და ყველა წარმომადგენელს, რომელნიც ჩამობრძანდნე საქართველოში. ღმერთმა დალოცოს და ქეთევან დედოფლის ლოცვით ძალა მისცეს მათ.
ღმერთმა ინებოს, რომ წმინდა ქეთევანის ლოცვით დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო.
ეხლა ჩამოვთვლით იმ გვარებს, რომელთაც ვლოცავთ დღეს.
დღეს დასალოცად მოსულები არიან: მერკვილაძეები, საღირაშვილები, ხუხაშვილები, შავდათუაშვილები და ზაზაძეები.
ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
სიწმინდე ხვალემდე იქნება აქ. შუადღისას, 11 საათზე, კი წაბრძანდება კახეთში, ალავერდის წმინდა ტაძარში. დედოფალი ქეთევანი შემოივლის მთელს საქართველოს და შეხედავს, როგორ ბრძანდება საქართველო მის გარეშე. ვიმედოვნებთ, მისი ლოცვა შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ჩვენთან არს ღმერთი.