ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, ბულგარელი დიპლომატი ფილიპ დიმიტროვი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
გუშინ, 27 იანვარს, ელჩი «ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების» ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა. პარტიის პრეს–სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.26 იანვარს ფილიპ დიმიტროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მან ელჩს იმ ფინანსური დახმარებების მიზნობრივად ხარჯვის გადამოწმება სთხოვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო.
“ძირითადად ელჩები არიან მარტო სააკაშვილის ლობისტები და მეგობრები, ისინი ხელისუფლების ინტერესებს ითვალისწინებენ და არა ქვეყნის. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი შერჩევითი ურთიერთობები ოპოზიციასთან აღარ გაგრძელდება,”- განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.
25 იანვარს ევროკავშირის ახალი ელჩი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეს–სამსახური 27 იანვარს იტყობინებოდა, რომ ნინო ბურჯანაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დავოსში გაემგზავრა.