საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი.
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დასკვნითი ნაწილის სრულ თარგმანს ipn-ი ავრცელებს.
დასკვნა:
51. ვენეციის კომისია კვლავ აცხადებს თავის დადებით შეფასებას. კერძოდ იმას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.
52. პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად. თუმცა, მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გაკეთებული დაპირება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი, რადგან ეს ცვლილებები შეამსუბუქებს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადების უარყოფით გავლენას.
53. ვენეციის კომისიის მიერ წინა მოსაზრებაში გაკეთებული დადებითი შეფასება, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, ამჟამინდელ შერეულ პროპორციულ/მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით გაკრიტიკებული იყო სამი მექანიზმის გამო, რომელიც ზღუდავდა პროპორციული საარჩევნო სისტემის გავლენას: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება. რათა პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული ყოფილიყო, ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მომხდარიყო ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ვინც 5%-იანი ზღვარი გადალახა ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე.
54. ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ.
55. ვენეციის კომისია მტკიცედ მიესალმება 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ვინც 5%-იან ზღვარს გადალახავს, გაუნაწილებელი მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პარლამენტში პლურალიზმს და შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ელოდება, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებული იქნება.
56. რაც შეეხება წინა პროექტში შეტანილ ცვლილებებს, ვენეციის კომისია მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის ორი მესამედის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღებას; კონსტიტუციის პროექტის 34 (3) მუხლში პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან ხსენებას; საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას; 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას; პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით არჩევას (6 წელი 5-ის ნაცვლად); კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.
57. გამოვდივართ რამდენიმე დამატებითი რეკომენდაციით.
ძირითადი უფლებები:
კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის მიხედვით გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც სხვა ძირითადი უფლებების და თავისუფლებებისთვის, მაგალითად, შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის;
რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილს;
„პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის“ აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.
სასამართლო ხელისუფლება: საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდელობას.
22 სექტემბერს ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაასაჯაროვა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.