უცხოეთი
ლავროვი: დასავლეთი სამყაროს ყველა კრიზისს რუსეთს აბრალებს

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო განვითარების უდიდესი პოტენციალი გამოყენებული არ არის და ამის მიზეზი ამერიკაში არსებული რუსოფობიური ისტერიაა. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
"რაღაც ყველაფერი ერთად შეაგროვეთ - კორეა, ირანი, სირია, უკრაინა, და ეს ყველაფერი რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობის შედეგად წარმოადგინეთ. არ მომწონს როდესაც დასავლეთის პოლიტიკოსები მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. აი, მაგალითად კორეის საკითხი, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა მოაგვაროს, ისევე როგორც სირია...მაგრამ მაგალითად იემენის კრიზისსაც როდესაც გვაბრალებენ, ეს უკვე მეტისმეტია", - განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებულ დაძაბულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უთანხმოება მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა დარეგულირდეს. „ჩვენ უნდა გავაგრილოთ ცხელი თავები და გავაცნობიეროთ, რომ გვჭირდება პაუზა და კონტაქტები“ - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო, როგორც ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული გამოცდები, ასევე აშშ-ის აგრესიული რიტორიკა. ლავროვმა ფხენიანის საკითხი ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ შეთანხმების ჩაშლა ცუდი სიგნალი იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის, რადგან სანქციების შერბილების სანაცვლოდ, საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით გარიგებაზე ფხენიანი უკვე აღარ წავა.

 

imedinews.ge