აქტუალური
საქართველო - აშშ-ის 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტში

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ივლისში მიიღო და სენატმა გასულ ორშაბათს, 18 სექტემბერს დაამტკიცა, „მორიგჯერ ადასტურებს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, „გააგრძელონ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა“.
აშშ-ის 2018 წლის ნაციონალური თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხარჯებს განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ „აღმდგარი რუსეთი პარტნიორიდან მოწინააღმდეგედ გადაიქცა“ და რომ „რუსეთის მეზობელი ქვეყნები, განსაკუთრებით უკრაინა და საქართველო, მოსკოვის მხრიდან ბოროტ გავლენას განიცდიან და სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან“.
კონგრესი აღნიშნავს, რომ „2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში კონფლიქტი გააღვივა“ და „უკრაინის აღმოსავლეთში გაერთიანებულ რუსულ-სეპარატისტულ შენაერთებს ხელმძღვანელობს, რითაც აქტიურად აღვივებს ძალადობას და ახანგრძლივებს ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს ევროპაში“.
დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც „შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია“ და რომელმაც „არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების მიმართ,  ნატოს ეგიდით ავღანეთში ISAF-ის მისიის შემადგენლობაში, და ერაყში მრავალეროვნული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში თავისი ძალების გაფართოების ჩათვლით“.
inosmi.ru