არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მტრები უნდა განადგურდნენ, თუნდაც ისინი ქართველები იყვნენ!
რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მტრები უნდა განადგურდნენ, თუნდაც ისინი ქართველები იყვნენ!

      „სამასოიანი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად ზრუნავს დემოკრატიაზე - აშშ მხოლოდ საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნავს!“ - აცხადებს „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელთან ინტერვიუში ჩვენ გასული კვირის აღსანიშნავ მოვლენებს შევეხეთ, რატომღაც წამყვან ქართულ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს ყურადღების მიღმა რომ დარჩათ.
- გასულ ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ნიუ-იორკში განაცხადა, რომ ალიანსი რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურით ზრდის მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის (Resolute Support Mission) რიცხოვნობას ავღანეთში. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას, რომლის თანახმად აშშ დამატებით აგზავნის ავღანეთში 3000 სამხედრო მოსამსახურეს. „რამდენიმე ქვეყანამ - ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა, უკვე განაცხადეს. რომ მისიაში სამხედრო მოსამსახურეების დამატებით რაოდენობას ჩართავენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამ ქვეყნებს შორის ის საქართველოსაც გულისხმობდა?
- დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად და როგორ აფასებს ალიანსი ქართული მხარის წინაშე მდგარ ამოცანებს“. ანუ ვოლსკიმ აღიარა, რომ ეს საკითხი საქართველოში კი არა, ბრიუსელში წყდება.
- ვოლსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის რაოდენობის შესახებ და არ სურს „ამ საკითხის წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, რადგან ჩვენ საგანგებო მისიას ვასრულებთ და ავღანეთში არა მარტო საერთაშორისო წესრიგს, არამედ საკუთარ ოჯახებს, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებსაც ვიცავთ“.
- თუ არსებულ რაოდენობრივ პროპორციას გავითვალისწინებთ, საქართველო ავღანეთში დამატებით დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის, თითო ქართველი ჯარისკაცი ხომ ალიანსს ათჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ამერიკელი. ხელფასს ვგულისხმობ, თორემ კუბოები და თვითმფრინავები, რომლებითაც მათ ცხედრებს პატივით ჩამოასვენებენ ხოლმე სამშობლოში, ერთნაირია...
რაც შეეხება „ავღანეთში საკუთარი ოჯახების და საქართველოს უსაფრთხოების დაცვას“: არ ვიცოდი, რომ ავღანეთის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს ეკუთვნის და იქ ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს! მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დავიცვათ... ან იქნებ ავღანეთი საქართველოს ესაზღვრება და იქიდან შემოჭრის საფრთხე გვემუქრება?!
აი, შიდა ქართლსა და სამეგრელოში კი საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენს ოჯახებს არცერთი ქართველი ჯარისკაცი არ იცავს - საუკეთესო ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში არიან, სადაც თავიანთ გამაგრებულ სამხედრო ბაზებს ამოფარებულ ამერიკელ ჯარისკაცებს იცავენ! როგორც ხედავთ, ჩვენმა „სტრატეგიულმა მოკავშირეებმა“ საქმე ისე დააყენეს, რომ მათ ჯარისკაცებსაც კი სხვა ქვეყნის ჯარისკაცები იცავენ, რომლებსაც ისინი მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ, როგორც ადრე ზანგები მიაჩნდათ! ქართველი დაქირავებული ჯარისკაცი მათთვის გასტარბაიტერია, რომელსაც შეიძლება, ათჯერ ნაკლები გადაუხადო! და ამისთვისაც მადლობელი იქნება, იმიტომ რომ სამშობლოში, საქართველოში, ამასაც არ უხდიან!
ხოლო სანამ ქართველი მამაკაცები მათ ჯარისკაცებს იცავენ, ქართველი ქალები მათი ხანდაზმული მშობლების გამობანვით არიან დაკავებული. ასეთია „ევროატლანტიკური წესრიგი“! ამ დროს სამაჩაბლოში მინდორში გასული ქართველი გლეხი ცხინვალის ციხეში ამოჰყოფს თავს, აფხაზი მებაჟე „თავხედ“ ქართველს გამოეკიდება, რომელიც თვალში არ მოუვიდა და დღისით, მზისით დახვრეტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე...
- ბატონო არნო, ჩემგან არ გესწავლებათ, რომ საქართველოში დაქირავებულთა ინსტიტუტი ახალი ამბავი არ არის. როგორც იცით, ისტორია მოწმობს, რომ ქართველი მამლუქები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ემსახურებოდნენ აღმოსავლეთის მმართველებს და მათზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო...
- დიახ, განსაკუთრებით, ქართველ ცხენოსან ჯარზე. ქართულ „მხედრიონს“ ღირსეულად აფასებდნენ სხვადახვა შაჰები და ფაშები, მაგრამ ეს მათი არმიების ელიტარული დამრტყმელი ქვედანაყოფები გახლდათ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, და არა პატრულ-მცველთა რაზმები, როგორადაც დღეს გადაიქცა ქართული არმია! თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა არ უნდა იცოდნენ სიმართლე ვაჟკაცი წინაპრების შესახებ, რათა უცებ არ გაყოყოჩდნენ და ამერიკელი ინსტრუქტორების მორჩილებიდან არ გამოვიდნენ!
მეტსაც გეტყვით - ქართველმა სამხედროებმა ახალი ქართული არმიის ისტორიაც კი არ იციან, რომელშიც მსახურობენ. 1991 წლიდან პერიოდს ვგულისხმობ, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - რომელ შუა საუკუნეებზე ვლაპარაკობთ?! ქართველი ჯარისკაცებისათვის ქართული არმია ხიდაშელი-შაშკინიდან ან, უკიდურეს შემთხვევაში, ოქრუაშვილი-კეზერაშვილიდან უნდა იწყებოდეს, მაგრამ არა უადრეს!
- გადავიდეთ გასული კვირის კიდევ ერთ, არანაკლებ საინტერესო მოვლენაზე. გასულ ორშაბათს, 18 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „დღეს საქართველო მზად არ არის ნატოს წევრობისათვის. არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. ალიანსში ვინმეს მისაღებად აუცილებელია ყველა ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ არ შეგვიძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ რუსეთი დიდი მეზობელია... საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორც ნატოს სხვა ქვეყნებში, და ის უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ წინა რიგებში იყოს, როცა ნატო შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს“.
რუსეთთან კონფლიქტის სურვილის არქონას რაც შეეხება, ეს გასაგებია. მაგრამ რას გულისხმობდა ვოლკერი - კიდევ როგორ უნდა „მოვემზადოთ, რომ პირველ რიგებში ვიყოთ“, როცა ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოებას გადაწყვეტს? ესე იგი, საქართველოში ჯერ არ არსებობს „წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია“? ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ან სამუდამოდ დასახიჩრებული ქართველი ახალგაზრდები საკმარისი „წევრობის გადასახადი“ არ არის?!
- სამასოიანი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად ზრუნავს „წარმატებულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო დემოკრატიაზე“ სადმე სხვაგან - აშშ ყოველთვის მხოლოდ საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნავს! კურტ ვოლკერს მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა „უსაფრთხო დემოკრატიის“ რეჟიმის საბოლოოდ დამყარება. კერძოდ, პერიოდულად აწყობენ მიტინგებს სხვადასხვა პატრიოტული, მათი განმარტებით, „ნაციონალისტური“ ძალები, რომლებიც იცავენ ეროვნულ ტრადიციებს, აპროტესტებენ ქართული მიწების მიყიდვას უცხოელებისათვის, კრძალავენ გეი-აღლუმებს და არალეგალურ მიგრაციას, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას ნატოს წევრ ქვეყანაზე აღნიშნავენ, როგორც სახელმწიფო დღესასწაულს, და აპროტესტებენ სოროსის ფონდის საქმიანობას! მოსახლეობის უმრავლესობა ნატოს კატეგორიული წინააღმდეგია და რუსეთთან მეგობრობის აღდგენას ემხრობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი ქართული ტელევიზია კონტროლზე აიყვანეს, ინტერნეტგამოცემები და ბეჭდური პრესა ცენზურის გარეშე დარჩა და მამხილებელ მასალებს აქვეყნებენ ეროვნული იდენტობის დასაცავად. აი, რას გულისხმობდა ვოლკერი.
ეროვნული არმია კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი, ამიტომაც გაანადგურეს ის! ისევე, როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა, ქართველი ხალხის თვითშეგნების ფორმაა, ამიტომ მის განადგურებასაც ცდილობენ! ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული ოპერაციის „ციანიდი პატრიარქისათვის“ გარდა, ქართული ტელევიზიის ყველა წამყვანი არხი საათში ერთხელ ატრიალებს კლიპებს, სადაც ორი რესპუბლიკელი ალქაჯი ჩაგვაგონებს, რომ პატრიარქი კრემლის აგენტია, ეპისკოპოსები - ქურდები, გარყვნილები და მკვლელები არიან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი კორუმპირებული კომერციული სტრუქტურაა, რომელიც სახელმწიფოს კისერზე აზის!
განა შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ, მაგალითად, იტალიის ტელევიზია მსგავს სიუჟეტებს უშვებს რომის პაპზე და კათოლიკურ ეკლესიაზე?! მაშ რატომ არის მსგავსი რამ დასაშვები საქართველოში, რატომ არ აღკვეთს სახელმწიფო ტელეეთერში ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს ხელისუფლების მორიგი დამხობისაკენ, რომლებიც შეურაცხყოფს მილიონობით მორწმუნის, სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს?! რატომ არსებობს დღემდე ქართველი „შარლი ებდო“ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიონიანი ვალი აქვს? ნახეთ, რამდენ მოქალაქეს მოუყრია თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველ სართულზე - საცოდავ მოქალაქეებს ართმევენ უკანასკნელ ქონებას, ბიზნესს, სახლებიდან ყრიან და აუქციონზე გამოაქვთ გასაყიდად იმის გამო, რომ გადასახადი ან ჯარიმა ერთხელ არ გადაიხადეს!
- სამაგიეროდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უზენაესი სასამართლოს დადგენილების აღსრულება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისათვის გადაცემა არ ძალუძს...
- იმიტომ რომ საქართველოშიც, როგორც ადრე აშშ-ში, არსებობენ „თეთრკანიანები“ და „ზანგები“! პრივილეგირებულ კასტას, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, შეუძლია, არ გადაიხადოს გადასახადები, დაარღვიოს კანონები, მათმა ნაშიერებმა კი დაუსჯელად იხულიგნონ და ნარკომანიას, ნარკოტიკებით ვაჭრობას ეწეოდნენ - სასამართლო მათ მაინც გაამართლებს!
- გარდა ამისა, ყველა წამყვანი ქართული ტელეკომპანია გამუდმებით ატრიალებს მაღალბიუჯეტიანი „დოკუმენტური“ ფილმების და ტელეგადაცემების რგოლებსა და ანონსებს, რომლებშიც გულისგამგმირავ ამბებს გვიყვებიან - როგორ „ჟლეტდა და აუპატიურებდა რუსეთი უხსოვარი დროიდან ქართველი ერის ნაღებს, იმონებდა ქართველ ხალხს, ანადგურებდა ქართულ კულტურას“...
- რისი იმედი აქვთ მათ დამკვეთებს და ავტორებს?! პროვოკაციის, იმიტომ, რომ ზომბირებულმა ფიცხმა ქართველმა ახალგაზრდებმა - ისტორიის ფალსიფიკაციის მსხვერპლებმა - ამ ტელეგადაცემების შემდეგ, თუკი სიამაყისა და თავმოყვარეობის ნატამალი შემორჩათ, რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ომი უნდა დაიწყონ, როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, რუსი ტურისტები უნდა დახოცონ და მთელ მსოფლიოში რუსების წინააღმდეგ ტერაქტები უნდა მოაწყონ!
აი, რატომ იყო ყოველთვის აშშ-ის, სოროსისა და სააკაშვილის მთავარი ამოცანა ახალგაზრდა თაობის ტვინების დამუშავება! ბენდუქიძის „თავისუფალი ინსტიტუტი“, გიული ალასანიას „შავი ზღვის ინსტიტუტი“ - დღემდე რატომ არ არის დახურული ავი სენის ეს ბუდეები საქართველოში, სადაც ქართული გვარების მქონე მტრები დასავლეთის გავლენის აგენტებს და მიშისტებს - პუტჩისტებს ზრდიან?! განა თურქეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები - გიულენის არშემდგარი პუტჩი - ჩვენთვის მაგალითი არ არის?!
ახალმა ხელისუფლებამ უკვე მეექვსე წელია რატომ არ აკრძალა ნაციონალებისა და რესპუბლიკელების პარტიები?! რატომ არ უნდა გავგზავნოთ ნაციონალები და რესპუბლიკელები ავღანეთში - როგორც ვოლსკი ამბობს, „ჩვენი ოჯახების და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად“?!
- განა ქართველებს არ შეუძლიათ, სამოქალაქო თანხმობას მიაღწიონ, სამშობლოს, მისი ინტერესების გულისათვის ერთმანეთის შეურაცხყოფა შეწყვიტონ?! ბატონო არნო, ჩვენ ხომ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ, ნახევარი ემიგრაციაშია, ხოლო შიდა დაპირისპირებას რა მოჰყვება, უკვე ბევრჯერ ვნახეთ... განა ქართველ საზოგადოებაში კონსენსუსის მისაღწევად საკმარისი კულტურის, სიკეთისა და ტოლერანტობის რესურსი აღარ დარჩა?
- სხვების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მე კი გიპასუხებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველებს ქართველებზე მეტი მტერი არ ჰყავთ, მტერთან მოლაპარაკება კი მასთან შერიგებას ნიშნავს! მე არც ღმერთი ვარ და არც პატრიარქი, რომ მტრებს ვაპატიო! ჩემი მტრები საქართველოს მტრები არიან, ამიტომ აუცილებლად განადგურდებიან, თუნდაც ქართველები იყვნენ! „ეროვნულმა გადამდებმა სენმა“ ღრმად შეაღწია ქართველ საზოგადოებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილისათვის ძალაუფლების დაბრუნებას ვერ მოახერხებენ - დღეს ისინი თავის „გედის სიმღერას“ ასრულებენ! ჩვენი მამაცი ჯარისკაცები კი მალე დაბრუნდებიან ავღანეთიდან და ამჯერად საქართველოს შეჰფიცებენ და არა - ნატოს! სამშობლო კი მათ მხედრულ შრომას ღირსეულად დააფასებს!
- კი მაგრამ, ეს ხომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას ნიშნავს?
- საქართველოს არ გააჩნია საგარეო პოლიტიკა - ზუსტად ისევე, როგორც არ ჰყავს არმია! საქართველოს საგარეო პოლიტიკა ისეთივე სუსტი და უფერულია, როგორიც საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე! პლუსი მინუსის გარეშე არ არსებობს - რუსეთი და აშშ ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ისინი ყოველთვის ანტაგონისტები იქნებიან - ასეთია სცენარი, იმიტომ, რომ მეგობრობა ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას ავალდებულებს, რაც დასავლეთში ბევრს კატეგორიულად არ აძლევს ხელს!
სწორედ ერთმანეთის ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევის აუცილებლობის გამო დღემდე არ არის მოგვარებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ამ დროს კი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები, როგორიცაა მიხეილ ჯანელიძე, დავით ბაქრაძე, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, სოფო ქაცარავა, ქეთევან ციხელაშვილი და ყველა დანარჩენი, გამუდმებით იჩიჩინებენ „რუსეთის ოკუპაციის“ შესახებ, მაგრამ „რუსეთთან ურთიერთობის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უალტერნატივობაზე“! ასეთია მათი როლი ამ სპექტაკლში, რომლისთვისაც ძალიან დიდ ფულს იღებენ! და ამ ფულს მათ ჩვენ ვუხდით - ქართველი გადასახადის გადამხდელები, საქართველოს გაბრიყვებული მოქალაქეები - ამისთვის კი უკანასკნელ ლუკმას ვაცლით პირიდან საკუთარ შვილებსა და მშობლებს!
ინტერვიუ მოამზადა მარინა კანდელაკმა, „საქინფორმი“.
2017 წლის 25 სექტემბერი
საქართველო, თბილისი