საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. კიმ ჩენ ინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლას, სადაც ამერიკის ლიდერმა ჩრდილოეთ კორეის შესაძლო განადგურებაზე ისაუბრა, ომის გამოცხადებად აღიქვა. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ამის შესახებ BBC იუწყება.
„რადგან ტრამპმა ჩვენი ქვეყნის განადგურების მიზნით ომი გამოაცხადა, ჩვენ მივიღებთ ადექვატურ, ისტორიაში აქამდე არნახულ უმკაცრეს საპასუხო ზომებს. შეშლილ ამერიკელ მოხუცს ცეცხლით მოვარჯულებ,“- ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იენ ხომ, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაეროს ტრიბუნიდან გასვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. ამჯერად აკრძალვები იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებსაც ფხენიანთან ბიზნეს კავშირები აქვთ.
გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია 12 სექტემბერს მიიღო.
3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო. კიმ ჩენ ინის თქმით, მეექსვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა.
ფეხნიანმა ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერსაც გაუშვა.
Imedinews.ge