პოლიტიკა
ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ესტონეთი - საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაეროს ტრიბუნიდან

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნასთან გამომსვლელთა ნაწილმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის პოლიტიკა დაგმო. ყველაზე კრიტიკული ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო, რომლის გამოსვლის დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს.
გაეროს წესდების დარღვევაში რუსეთი დაადანაშაულა პოლონეთის პრეზიდენტმა: თითქმის 10 წლის წინ საქართველოში და მესამე წელია, უკრაინაში გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი. ამ ქვეყნების სუვერენიტეტს ზიანი მიადგა და ამ ქმედებებს აგრესიული მეზობელი ახორციელებდა. მეზობელი, რომელიც ფიქრობს, რომ წესების დაცვა მას არ ევალება“, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ.
სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ნიუ-იორკში განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია.
ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული, ისევე, როგორც საქართველოს ნაწილი, ოკუპირებულია.