საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს, რომლებიც, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.