პოლიტიკა
საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. თავმჯდომარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად ერთი წლით გადაიბარა. მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72- სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეხვედრის თემაზე - ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენა" და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გონივრულ, გრძელვადიან სტრატეგიას მოითხოვს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ხედვების ჩამოყალიბებისას საქართველოს მთავრობამ იხელმძღვანელა კითხვებით - რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რომლებიც ბიუჯეტისა და მონაცემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კორუფციასთან ბრძოლასა და სერვისების მიწოდებაში დაეხმარება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე.