უცხოეთი
სომხეთი აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ნაწილის დაბრუნებას არ გამორიცხავს

     საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ერევანი ბაქოსთან მთიანი ყარაბაღის ნაწილის დაბრუნებას განიხილავს. ამის შესახებ მან "სომხეთი-დიასპორის" ფორუმის ფარგლებში განაცხადა. 
"საქმე ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც უსაფრთხოების მხრივ ყარაბაღს არ ემუქრება", - აღნიშნავს ნალბანდიანი. მისი თქმით, მოლაპარაკებების შესახებ სხვას ვერაფერს დაამატებს, "წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი კარენ მირზოიანი აზერბაიჯანისთვის რაიმე ტერიტორიის გადაცემის სასტიკი წინააღმდეგნია. 
მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა 1994 წლის სეპარატისტული ომის დასრულების შემდეგ მას ადგილობრივი ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. ოფიციალური ბაქო ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე სომხეთის რეგულარულია არმია იბრძვის.