პოლიტიკა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა

     საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავაც მკაფიოდ დასვეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
საუბარი შეეხო 2017 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის
მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების, ასევე ბოლო პერიოდში საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და შამგონას მიმდებარედ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული უკანონო ქმედებები არღვევს ადგილობრივების თავისუფლად გადაადგილების უფლებას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სუს-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ასევე ისაუბრეს გასული სასწავლო
წლის პერიოდში ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილ პრობლემებზე და სამომავლოდ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის თავისუფლად გადაადგილების აუცილებლობაზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.