საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთოს გენერალური მდივნის ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
შეხვედრაზე პრემიერმა ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერმა ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.