პოლიტიკა
ადას მარში თუ დუმის დემარში? რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლას შეეგუა? – „საქინფორმი“ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას ეკითხება

      საქართველოს პარლამენტის ყველაზე კოლორიტული დეპუტატი ადა მარშანია 2017 წლის 1 ოქტომბერს მოსკოვში შეხვედრებს ჩაატარებს „არა მარტო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან, არამედ ფედერაციის საბჭოს წევრებთანაც“, რათა გაგრძელდეს მსჯელობა რუსეთისათვის შეთავაზებულ ფორმატზე „საქართველო-ნატო-რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზნით, რომელსაც, ადას რწმუნებით, „რუსეთში დიდი ინტერესით ეკიდებიან“.
ეს უკვე მეორე მარშანიას „მარში“ იქნება მოსკოვში - როგორც „საქინფორმი“ იუწყებოდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრა მოსკოვში 2017 წლის 11 ივლისს გაიმართა. ქართულ მხარეს, ადა ლორიკის ასულის გარდა, მაშინ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატი წარმოადგენდა - ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე, ხოლო რუსეთის მხარეს - სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და კომიტეტის წევრები კაზბეკ ტაისაევი და არტემ კავინოვი.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, დიდი ყურადღება არ მიგვექცია ქართველი პარლამენტარების ეგზოტიკურობამდე ორიგინალური  წამოწყებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მათთვის შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც თავად პროცესი და პიარი, რომელიც უფროსი თაობის ამომრჩევლის მხრიდან რუსებთან ადრინდელი მეგობრობის ნოსტალგიაზეა გათვლილი - დეპუტატებს უფლება აქვთ, სადაც ნებავთ და რამდენიც ნებავთ, აპიარონ საკუთარი თავი! - რომ არა ერთი გარემოება.
მარშანიას განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 16 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში, პროგრამა „დღის ამბების“ წამყვანის დიანა ტრაპაიძის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, „უნიკალურ პროექტზე „საქართველო-ნატო-რუსეთი“ ილაპარაკა საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ამავე სახელწოდების პარტიის გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა. „ჩვენ ამის თაობაზე მოლაპარაკებას ნატოს წევრებთანაც ვაწარმოებთ და მათგან დადებით გამოხმაურებებს ვიღებთ! რუსეთის მხარე პირველად აცხადებს, რომ მზადაა, ამ პროექტში ჩაერთოს, რადგან ჩვენი დელეგაციის წევრებმა მოსკოვში რუს დეპუტატებს განუცხადეს, რომ საქართველო ნატოში შესვლაზე უარს არ იტყვის! რუსეთის მხარე პირველად ამოდის ამ მოცემულობიდან - რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უცვლელია - და მიუხედავად ამისა, რუსეთი მზად არის, ჩაერთოს ფორმატში „საქართველო-ნატო-რუსეთი“!“, - განაცხადა ინაშვილმა, რომელსაც, ბუნებრივია, ამის საფუძველი ჰქონდა.
იმავე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „განსაკუთრებული აქცენტები“, წამყვან ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ინაშვილმა იგივე გაიმეორა და დასძინა, რომ „ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ნატო - ეს არის ახალი ტექნოლოგიები საქართველოსთვის“.
„საქინფორმს“ მხოლოდ ერთი საკითხი აინტერესებს: ოფიციალური თბილისი ყოველივე ზემოჩამოთვლილს „ქართველი პარლამენტარების კერძო ინიციატივად თვლის“, მაგრამ რუსეთში როგორ მიაჩნიათ? თანხმობა, მონაწილეობა მიიღონ პროექტში „საქართველო-ნატო-რუსეთი“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზნით - სახელმწიფო დუმის ცალკეული დეპუტატების დემარშია თუ რუსეთის ფედერაციი ფედერალურ კრების ოფიციალური პოზიცია?
„საქინფორმის“ რედაქცია
2017 წლის 19 სექტემბერი
საქართველო, თბილისი