პოლიტიკა
ნაციონალთაგან დასაცავი ინვესტიციები…

jalagania-2ვირფასო მკითხველო! ჩვენთან, საქართველოში, ასეა - ინვესტიციების დამცველად ვნიშნავთ მათ, ვისი ხელყოფისგანაცაა დასაცავი ეს უცხოური ინვესტიციები.

2010 წლის 16 დეკემბერს საქინფორმმა უკვე გაცნობათ, თუ როგორ მიითვისა შიდა ქართლის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ლადო ვარძელაშვილმა დევნილთა დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ნახევარი - 4 მილიონი ევრო, მაგრამ ამ გახმაურებულ საქმეს არავითრი რეაგირება არ მოჰყოლია - გამინისტრებული გუბერნატორი კვლავაც განცხრომით ისვენებს საკუთარ სავარძელში.

ჩვენ იმაზეც ვწერდით, რომ ამას წინათ ზუგდიდში სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც უტყუარ ბრალად ედებოდა მსხვილი იტალიური ფირმა ფერეროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ნაწილის დანაშაულებრივად მითვისება. ესენი იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულ ზაზა გოროზიასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ფირმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დალაქიშვილი და მისი თანამზრახველები: თემურ ჩიქოვანი, ირაკლი გოგოხია და კობა აბრალავა. როგორც იცით, დანაშაულზე წასწრებულ პიროვნებას ერთი ზარის უფლება აქვს და ერთ-ერთმა დაკავებულმა, თემურ ჩიქოვანმაც გამოიყენა ეს უფლება და თურმე გოროზიას დაურეკა.

როგორც ჩანს, სამართალდამცავებიც წავიდნენ გარკვეულ კომპრომისზე და დამნაშავეთა ნაწილს, საპროცესო გარიგების თანახმად, გირაოს თანხა (საკმაოდ სოლიდური!) შეატანინეს, იმის პირობაც ჩამოართვეს, რომ “სასჯელშემსუბუქებულები” ანაკლიაში სასტუმროს ააგებდნენ, და განთავისუფლეს. ზოგიერთი კი მაინც პატიმრობაში დარჩა.

და აი, 2011 წლის 26 იანვარს ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლე დავით კეკენაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ამ საქმის პირველი მოსმენა, სადაც გამაოგნებელი განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დალაქიშვილმა, რომელმაც დაასახელა ზაზა გოროზიასათვის ქრთამის გადაცემის ექვსი ეპიზოდი, დანაშაულის დროისა და ადგილის დაკონკრეტებით. აშკარაა, რომ საქმე ეხებოდა დიდ სკანდალს, ამიტომ მოსამართლემ შეწყვიტა პროცესი და გადაიტანა იგი 2011 წლის 2 თებერვლისთვის.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ უმალავენ პრესას (ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ამბის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამე შეიტყოსო!) და ფართო საზოგადოებას. არც ის გახმაურებულა, თუ რა მიზეზით გადადო მოსამართლემ სასამართლო პროცესი. ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით სამართალდამცავებს, ადვოკატებსა და ჟურნალისტებს, მაგრამ ყველამ წყალი ჩაიგუბა პირში; მივხვდით, რომ მათგან ბევრს ვერაფერს შევიტყობდით. არ გვგონია, მოსამართლეს საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დაებრუნებინა, რადგან აშკარად იკვეთება სრულიად ახალი დანაშაული - არა მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება, არამედ, უცხოური ინვესტიციების მითვისების მიზნით, დანაშაულებრივ ჯგუფთან გარიგებაში შესვლა, რაც ერთ-ერთი უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულია. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ საქმეში ჩაერევა სამხარეო პროკურატურა და ჩვეული პრინციპულობითა და გულისხმიერებით მიიყვანს ბოლომდე ამ მართლაც აბურდულ და სამარცხვინო საქმეს, რომელიც ჩირქს სცხებს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოს ავტორიტეტს!

ვაზუსტებთ: ჩვენი თვითმიზანი არაა კიდევ ერთი ადამიანის შეგზავნა ისედაც გადატენილ ქართულ ციხეში. ჩვენი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, რათა ოდნავ მაინც ჩამოვრეცხოთ ტალახი საერთაშორისო არენაზე მრავალგზის თავმოჭრილ და გათახსირებულ საქართველოს.

რაც შეეხება მავანთა შიშს იმის თაობაზე, რომ ეს უბედურება პრეზიდენტმა არ შეიტყოს, აქ მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე: “ბრმას ცოლი მოუკვდა თურმე და მეზობლებმა მოილაპარაკეს - ნუ ვეტყვითო! კი მაგრამ, გვერდით რომ არ მიუწვება, როგორ გგონიათ, ვერ გაიგებსო?” - გაუპროტესტებია ერთ-ერთს.

ასეა, ნაციონალები” უმალავენ პრეზიდენტს იმას, რასაც ვერ უმალავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

როლანდ ჯალაღანია, გაზეთ “ილორის” რედაქტორი - სპეციალურად საქინფორმისთვის