საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. შეკითხვაზე - ცხოვრობდნენ თუ არა ტერორიზმისა და მკვლელობისთვის ძებნილი პირები პატრიარქის სახლში? – „კურიერს“ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე კვლავ არ პასუხობს, თუმცა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას გიორგი ანდრიაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებით უპასუხა, მისი თქმით, აღნიშნული პირები არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან აქ.
"ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს“, - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.