საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ.
სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის სახლში თურქეთის მიერ ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ უწმინდესის რეზიდენციაში ისინი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.
უცნობია, დაჰკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გიორგი ანდრიაძე ან შორენა თეთრუაშვილი. სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებს ჰქონდათ.
სოსო ოხანაშვილი ყვება, რომ პატრიარქის პირად რეზიდენციაში თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.