საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. „სახელმწიფო პოლიტიკისთვის დამაზიანებელი“ - ასე აფასებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს. „ასეთი პოლიტიკა, როდესაც სახელმწიფო აწარმოებს საკმაოდ კონსტრუქციულ, კონსერვატიულ და ამავე დროს მოქნილ პოლიტიკას, არსებულ ურთულეს ვითარებაში ჩართვები, ნაბიჯების გადადგმა არასახელმწიფოებრივია, სახელმწიფო პოლიტიკისთვის დამაზიანებელია, პერსპექტივაშიც ძალიან ცუდად გამოიყურება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი არც დააზიანებს და არც რაიმე სარგებელს მოუტანს ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს კურსი ევროპისკენ აქვს აღებული. „ხელისუფლებას აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული კურსი. ეს არის ევროკავშირში, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კურსი და ჩვენ ამ მიმართულებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა კახიანმა.