საზოგადოება
კახა კალაძის თბილისი - დაცული ისტორიული მემკვიდრეობა და ქალაქის მწვანე საფარი

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურბანული პოლიტიკის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის და, შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა, აგრეთვე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა: „მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაიცემა, არცერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.