უცხოეთი
ფონდმა "იავნანა" აფბას ბრალდებების საპასუხო განცხადება გაავრცელა

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ფონდმა "იავნანა" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ბრალდებების საპასუხო განცხადება გაავრცელა.
"ფონდ იავნანას საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე, ფონდი გაწეული ქველმოქმედების შესახებ, ყოველი აქციის დასასრულს დეტალურ ანგარიშს აბარებდა საზოგადოებას. საგადასახადო ორგანოს ასევე ყოველწლიურად ბარდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადასტურებული ფინანსური დოკუმენტები. აგრეთვე, ყოველწლიურად ქვეყნდება წლიური პროგრამული ანგარიში",- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი მათ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ბინძურს უწოდებს და ბრალდებებს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
"ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ ბინძური კამპანია ისევ გააქტიურდა. წინასწარ დაგეგმილ და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილ მასალებში, რომლებიც ძირითადად ციფრებით მანიპულაციაზეა აგებული, ჩვენ ვხედავთ არათუ ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მცდელობას, არამედ ებრძვიან თავად ფონდის საქმიანობას და იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით ცდილობენ საქველმოქმედო აქციების ორგანიზებას. კარგად თუ დაუკვირდებით მასალებში, საბჭოთა საუკეთესო ტრადიციების მქონე დიქტორის ხმით მოყვანილი მაგალითები, არაფერია თუ არა სწრაფი ხაზით, ყალბი დოკუმენტების სიმართლედ გასაღება:,- ნათქვამია წერილში.
მათივე განმარტებით, პაატა ბურჭულაძეს უკვე რამდენიმე წელია ფონდ „იავნანასთან“ კავშირი აღარ აქვს და ამის მიზეზი სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას დღეს მოუწოდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობით დაინტერესდეს. განცხადება აფბა-ში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფონდის შესახებ PosTV-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.