პოლიტიკა
ქუთაისის და თბილისის მერობის კანდიდატები მთავარი რუსოფობიური პარტიებისაგან МГИМО-ს კურსდამთავრებულები არიან!- “საქინფორმი” გრიშა ვაშაძეს წარმოგიდგენთ

    საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „ზუსტად ერთი კვირის წინ, გასულ პარასკევს, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, წარმოშობით ქუთაისელი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც განაცხადა: „ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია!“. რატომ აცნობს „საქინფორმი“ მკითხველს უპირატესად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს?“, - გვეკითხება ქუთაისელი მკითხველი, ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა გიგინეიშვილი.
ამ წამოწყების განწირულობიდან გამომდინარე, რომელიც ისევე კრახით დამთავრდება, როგორც ვაშაძის ღვინის ბიზნესი, საქინფორმი არ აპირებდა ამ პრეზენტაციაზე მკითხველთა ყურადღების შეჩერებას. ზუსტად ისევე, როგორც არ აპირებდა, ფართოდ წარმოედგინა თბილისის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შექმნილი პარტია ევროპული საქართველოდან“ ლენა (ელენე) ხოშტარია - მოსკოვში МГИМО-ს კურსდამთავრებული, სააკაშვილის მთავრობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე.
მიუხედავად ამისა, საქინფორმი ანგარიშს უწევს მკითხველის სურვილს და დღეს ზოგიერთ ფაქტს შეგახსენებთ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიიდან. მაშ ასე:
ვაშაძე „გრიგოლად“ იწოდა მხოლოდ 2004 წელს, როცა მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა - ზუსტად ისე, როგორც ლენა ხოშტარია გახდა თბილისში დაბრუნების შემდეგ „ელენე“. მანამდე კი გრიგორი ვაშაძემ, ანუ გრიშამ, როგორც თანაკურსელები და თანამშრომლები ეძახდნენ, ისევე, როგორც ლენა ხოშტარიამ, დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО), რის შემდეგც 1981-1988 წლებში სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმსახურა - ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდეგ კი - კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში.
ზედმეტია იმის ახსნა, რომ ამ განყოფილებებში მომუშავე საბჭოთა დიპლომატ ვაშაძეს მჭიდრო კონტაქტი ექნებოდა „კაგებესთან“, შესაძლოა, საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომელიც კი იყო - ზუსტად ისევე, როგორც მიშა სააკაშვილის ბიძა - გაეროს თანამშრომელი, საბჭოთა დიპლომატი, სსრკ „კაგებეს“ პოლკოვნიკი თემურ ალასანია.
1988-1990 წლებში ვაშაძე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი იყო, ხოლო 1991 წელს, როგორც ჩანს, „КГБ СССР“-ს დავალებით, ოფიციალურად დატოვა დიპლომატიური სამსახური და დიდხანს ცხოვრობდა ნიუ-იორკში.
1991 წელს, სსრკ-ს ლიკვიდაციის შემდეგ და აფხაზეთის ომის დროს, გრიგოლ ვაშაძე და მისი მეუღლე - მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ნინო ანანიაშვილი - ითხოვენ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას და დაუბრკოლებლად იღებენ კიდეც! ამით ისინი, პრაქტიკულად, უარს ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს.
2004 წელს, როცა ნინო ანანიაშვილი, ბუბა კიკაბიძესთან და ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, სააკაშვილის აგიტბრიგადაში შევიდა და მისი მოწვევით მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა, სააკაშვილმა მას გამონაკლისის სახით მეორე - საქართველოს მოქალაქეობა უბოძა.
რაც შეეხება ვაშაძეს, მან საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილისაგან 2006 წელს მიიღო, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგშიც კი (!), სადაც 2008-2012 წლებში, ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის მოსვლამდე მუშაობდა, იმავე დროს რუსეთის მოქალაქედ რჩებოდა!!! და მხოლოდ 2010 წელს, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების მოთხოვნით, იგი იძულებული გახდა, რუსეთის მოქალაქეობა დაეთმო...
2006 წლის ნოემბერში ნინო ანანიაშვილი სააკაშვილის ერთი წლის ვაჟის - ნიკას (ნიკოლოზის) ნათლია გახდა, რომლის მეორე ნათლია იყო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. სწორედ ის, ვისაც მხდალი სააკაშვილი შეუბრალებლად დაათრევს თან დედასთან ერთად და უკრაინელი სამართალდამცავებისაგან ფარად იყენებს...
ისღა დაგვრჩა, „ნაცმოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის პორტრეტს დავუმატოთ, რომ საქართველოში ვაშაძეს გარეგნული მსგავსების გამო „ტარაკანი“ შეარქვეს, რომ მას შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები აქვს და ქართულ ენას ცუდად ფლობს, ამიტომ საჯარო გამოსვლებისას, ჩვეულებრივ, აბდაუბდას მიედ-მოედება,  საშინლად ნერვიულობს და მარჯვენა ხელით გამუდმებით ისწორებს მარცხენა საკინძს.
ვაშაძე თავისი ცოლის იმპრესარიოდ მუშაობს, რომელმაც, პრაქტიკულად, დაღუპა ლეგენდარული ჭაბუკიანის მიერ შექმნილი ქართული ბალეტი იმით, რომ გზა დაუხშო ნიჭიერ ახალგაზრდობას და ივანიშვილის მიერ კაპიტალურად გარემონტებულ თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასი თავისი სოლო დადგმებისათვის მასობრივი საფონო სცენების მონაწილეებად გადააქცია, თუმცა დაბერებული ბალერინა, თავისი ქმრის მსგავსად, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და ყმაწვილქალობაში უმარტივეს პასაც კი გაჭირვებით იმახსოვრებდა...
2006 წელს ცოლ-ქმარმა რუსთაველის გამზირზე მდებარე „პიონერთა სასახლის“ - ანუ რუსეთის იმპერატორის ნაცვალის ვორონცოვ-დაშკოვის სასახლის ყიდვაც კი მოინდომა, რათა ის ნინო ანანიაშვილის კერძო საბალეტო სკოლად გადაექციათ, მაგრამ შენობაში საბჭოთა დროიდან მოქმედი ანსამბლების და წრეების მონაწილე ბავშვებმა ცოცხალი კედელი აღმართეს და ბალერინა შიგნით არ შეუშვეს. მაშინ მთელი თბილისი შოკში ჩავარდნილი ადევნებდა თვალს, როგორ აჯავრებდა პრიმა-ბალერინა ბავშვებს და სახედაკარგული ბოროტად ემანჭებოდა მათ, უფრო სწორად, როგორ გამოაჩინა თავისი ჭეშმარიტი სახე!
(საქინფორმი სხვადასხვა პარტიის სხვა კანდიდატთა პორტრეტულ ჩანახატებსაც შემოგთავაზებთ, თუ მკითხველს ამისი სურვილი ექნება).