უცხოეთი
უკრაინაში ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღეს

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.  კიევის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღა. ინფორმაციას newsru ავრცელებს.
დაყადაღებულია ტელეკომპანიის „1+1“ შენობა, რომელიც კიევში მდებარეობს, ასევე ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში, "ბიოლის" ქარხანა დნეპროპეტროვსკში და Boeing-ის თვითმფრინავი.
სტატიის მიხედვით, ქონების დაყადაღება „პრივატბანკიდან“ თანხის მიტაცების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, 2014 წელს, „პრივატბანკის“ ოფიციალურმა პირებმა, უკრაინის ეროვნული ბანკიდან 19 მილიარდი გრივნა მიითვისეს. 
უკრაინის უსმხვილესი კერძო ბანკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია 2016 წლის ბოლოს მოხდა. ბანკის მთავარმა აქციონერმა, იგორ კოლომოისკიმ მაშინ მომხდარს უკანონო ქმედება უწოდა. ამჟამად ბანკის 100% უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.
კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ის თანამდებობიდან 2015 წლის 24 მარტს გაათავისუფლა.