საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს, ხოლო ქობულეთში - მირიან ქათამაძე. ქედაში - ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე  იქნება, ხულოში კი - გოჩა მელაძე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.  
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წარადგენს.