უცხოეთი
სააკაშვილის და მისი მომხრეების 10 სექტემბრის ქმედება ხულიგნობითაც დაკვალიფიცირდა

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ხულიგნობის კვალიფიკაციაც დაემატა. 
როგორც პოლიციაში განმარტავენ, საზღვრის დამრღვევ პირებს შორის ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან. 
სააკაშვილმა ლვოვში სასტუმრო უკვე დატოვა.
“შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული ოქმი გააცნეს, რომელსაც მან ხელი მოაწერა. 
ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.