პოლიტიკა
რუსულ პროპაგანდას, რომელიც საქართველოში განსხვავებულის მიუღებლობის დამკვიდრებას ცდილობს, საქართველო იდენტობის გაძლიერებითა და განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

    საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოდერატორის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოკერის შეკითხვებს უპასუხა.
მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ ღირებულებებზე, რუსეთის პროპაგანდაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
ტოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია. საქართველოში არის ის კულტურა, სადაც პატივს სცემენ ტოლერანტობას. ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ამ კულტურის ნაწილი არიან, რელიგიური, ეთნიკური, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. თუ ამას ვერ მივიღებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი!
დღეს რუსული, რბილი ძალის პროპაგანდა ქართულ პოლიტიკურ სოციალურ გარემოს თავს ახვევს განსხვავებულის მიუღებლობის დამკვიდრებას, რასაც საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ძლიერი იდენტობით, რომელიც განსხვავებულის მიმღებლობას და ტოლერანტობას ეფუძნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.