პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. "საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის,  წარმატებული რეფორმების  თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერებას", - ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც სექტემბერში იგეგმება. ლიტვის საპარლამენტო დელეგაციამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ლიტვის დელეგაციამ საქართველოსთვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.