პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრინკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს. პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.